„დინამო თბილისის“ მეტოქე „ასტანა“ - გუნდი მდიდარი ევროპული გამოცდილებით #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მეტოქე „ასტანა“ - გუნდი მდიდარი ევროპული გამოცდილებით #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას „ასტანასთან“ ყაზახეთის დედაქალაქში ჩაატარებს. 12 ივლისს „ასტანა არენაზე“ შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საფეხბურთო კლუბი „ასტანა“ 2009 წელს ორი კლუბის – „მეგასპორტისა“ და „ალმა ათას“ გაერთიანებით შეიქმნა. კლუბის თავდაპირველი სახელწოდება „ლოკომოტივი“ იყო, 2011 წლიდან კი „ასტანა“ ეწოდა და საკლუბო ფერები ყვითელ-ცისფერი გახდა.

გუნდი საშინაო მატჩებს ხელოვნურსაფრიან „ასტანა არენაზე“ (ტევადობა 30 000) ატარებს, აქვე მასპინძლობს მეტოქეებს ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიც.

მიუხედავად იმისა, რომ „ასტანა“ 2009 წელს დაარსდა, ყაზახეთში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. საქართველოს ჩემპიონის მომავალი მეტოქე ყაზახეთის ჩემპიონატის გამარჯვებული შვიდჯერ გახდა, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ხოლო ექვსჯერ – სუპერთასი. ყაზახურ პრემიერლიგაში 14-წლიანი ასპარეზობის განმავლობაში „ასტანა“ მედლების გარეშე მხოლოდ სამჯერ – 2010, 2011 და 2012 წლებში დარჩა.

„ასტანა“-„ვილიარეალი“

გუნდი ამ წლებში ევროთასებზეც წარმატებით თამაშობდა. 2014 წელს ევროპალიგის პლეიოფამდე მივიდა, სადაც ესპანურ „ვილიარეალთან“ დამარცხდა. მომდევნო წელს კი ყაზახეთის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია – პლეიოფში დაამარცხა კვიპროსული აპოელ-ი. ჯგუფურ ეტაპზე ყაზახებმა „ბენფიკასთან“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „გალათასარაისთან“ ერთად იასპარეზეს.

2016 წელს „ასტანა“ ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად „ოლიმპიაკოსი“, „იანგ ბოიზი“ და უკვე ნაცნობმა აპოელ-ი ჰყავდა. 2017/18 წლების სეზონზე ასტანელებმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპიც წარმატებით დაძლიეს. ჯგუფში, სადაც მათთან ერთად თელ ავივის „მაკაბი“, პრაღის „სლავია“ და „ვილიარეალი“ თამაშობდნენ, მეორე ადგილი დაიკავეს, ​პლეიოფში გავიდნენ, მაგრამ „სპორტინგთან“ დამარცხდნენ.

„ასტანა“-„მანჩესტერ იუნაიტედი“

ამის შემდეგ „ასტანამ“ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორჯერ ითამაშა – 2018-19 წლების  სეზონზე მათი მეტოქები კიევის „დინამო“, „რენი“ და „იაბლონეცი“ იყვნენ, მომდევნო წელს კი – „მანჩესტერ იუნაიტედი“, ბელგრადის „პარტიზანი“ და „ალკმაარი“.

შარშან „ასტანა“ კონფერენსლიგაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო და პოლონურ „რაკუვთან“ წააგო.

ასტანას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან 43 წლის გრიგორი ბაბაიანი დაინიშნა. გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ხორვატი შემტევი, 35 წლის მარინ ტომასოვი ითვლება (94 გოლი), მასვე ეკუთვნის საგოლე გადაცემათა რეკორდიც (77).

ყველზე მეტი მატჩი კი „ასტანას“ რიგებში გუნდის კაპიტანმა, 30 წლის აბზალ ბეისებეკოვმა ჩაატარა – მან გუნდის ფორმა 376 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.