„დინამო თბილისი“ „დუნაისკა სტრედასთან“ დამარცხდა (ვიდეო)

„დინამო თბილისმა“ „ევროპა ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის განმეორებითი მატჩში სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და შეხვედრა მძიმე ბრძოლაში – 1:2 დათმო.

დაპირისპირება დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს. 28-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ბუდუ ზივზივაძეს ჰქონდა, თუმცა მეტოქის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო წუთებზე თბილისური კლუბი ძალიან გააქტიურდა და ზედიზედ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა. თამაშის პირველი გოლი 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თავური დარტყმით გაიტანა და საკუთარ კლუბს მომდევნო ეტაპიზე გასვლის კარგი შანსი გაუჩინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრები უფრო აქტიურობდნენ, „დინამოს“ მცველები ხშირად ცდებოდნენ და სლოვაკებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს. 86-ე წუთზე ანგარიში ბაიომ თავური დარტყმით გაათანაბრა. უკვე ყველა დამატებითი ტაიმების დანიშვნას ელოდა, როდესაც ბაიომ დუბლი გაიფორმა და „დუნაისკა სტრედა“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გაიყვანა.

„დინამო თბილისი“ „ევროპა ლიგის“ საკვალიფიკაციო ტურნირს წელსაც პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი