„დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ - რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
18:54, 07.07.2021
დღეს, „დინამო-არენაზე“ თბილისში, ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება – საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონების დაპირისპირებას ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დავიდ ფუქსმანი გახლავთ. მას ასისტენტობას ნატი დოტანი და მათითიაჰუიაკობოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იდან ლეიბა იქნება.
„თბილისის დინამოს“ გულშემატკივრები ელოდნენ, რომ გუნდი ევროსეზონამდე გაძლიერდებოდა. მაგრამ თბილისელებმა ორი განელი ლეგიონერი ორიოდე დღის წინ დაიმატეს, რომლებიც აზერბაიჯანის ჩემპიონთან ვერ ითამაშებენ. ასევე გუნდი დატოვეს ვიქტორ მონხილმა და ფილიპ ორშულამ.
დინამო
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე თბილისური კლუბის შანსები ასე შეაფასა.
„ახალწვეულების დამატება ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ახლა ისეთი დროა, გუნდების უმეტესობა დაკომპლექტებულია და არჩევანი მწირია. თავისუფალ აგენტებს ვეძებდით. ერთმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, ასე მოვიყვანეთ ოსეი, მაგრამ ჯერ ვერ დაგვეხმარება. შევეცდებით, ჩვენი რესურსით მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ ჩემპიონთა ლიგაზეც და ეროვნულ ჩემპიონატშიც. „ნეფთჩი“ დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს, ახალწვეულებიც ჰყავს. სერიოზული გუნდია. შანსებსა და პროცენტებზე ლაპარაკი მიჭირს. მათი პლუსები უნდა გავანეიტრალოთ და მინუსები გამოვიყენოთ. რა იქნება და როგორ, ამაზე ლაპარაკი რთულია“ – განაცხადა ცხადაძემ.
ნეფთჩი
აზერბაიჯანის ჩემპიონი უმთავრესად ლეგიონერებს ეყრდნობა. გუნდში გასულ სეზონში იაპონიის ნაკრების და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თამაშობდა, მაგრამ ბაქოში მხოლოდ სამი თვე დარჩა და სეზონის შემდეგ წავიდა. გუნდიდან ასევე წავიდა ორი მარცხენა მცველი, ტალისონი და ანტონ კრივოციუკი, ფლანგის შემტევი რაჰმანგაჯიევი და ცენტრფორვარდი სტივენ ჯოზეფ-მონროზი და ს
„ნეფთჩიმ“ მხოლოდ სამი მოთამაშე დაიმატა – „კეშლადან“ პარაგვაელი ფლანგის შემტებისეზარმეზა კოლი, „სუმგაითიდან“ ცენტრალური ნახევარმცველი ხაიალნასაფოვი და პორტუგალიური „ეშტორილიდან“ თავდამსხმელი არამიში. აღსანიშნავია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი სამირ აბასოვი და კაპიტანი სტოისლავსტანკოვიჩი „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.
აბასოვმა პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ „დინამოსთან“ მატჩამდე ნერვიულობს:
„წლების შემდეგ ჩვენი კლუბის ასეთ ტურნირზე მონაწილეობა დიდი პატივია და ეს ძალიან გვიხარია. ვერ ვიტყვი, რომ არ ვღელავ. ეს დიდი ტურნირია და მღელვარება გუნდშიც იგრძნობა, მაგრამ გვჯერა და გვწამს, დაძაბულობა თამაშის დროს მოიხსნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე გუნდს უპირატესობები გააჩნია. ჩვენთან პირველობა დასრულებულია, საქართველოში კი ჩემპიონატი მიდის, გუნდი შეთამაშებულია და ტონუსშია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მზად არ ვართ. კარგი შეკრება გვქონდა, სამი სპარინგი ჩავატარეთ და მიმაჩნია, რომ ევროთასებისთვის კარგად მოვემზადეთ. გასაგებია, რომ ხვალინდელი მატჩი დაძაბული იქნება – ეს ცხადია. მეტოქის სქემას გავეცანით, ბოლო მატჩებს ვაკვირდებოდით. მაგრამ ერთია თეორიულად რომ სწავლობ გუნდს და მეორეა, პრაქტიკაში რომ ნახავ. თანაც, „დინამო“ დიდი გუნდია, დიდი ისტორიით და ეს მის გამოცდილებაზე მეტყველებს. ცხადაძეს კარგად ვიცნობ, მისი ფეხბურთელი ვიყავი და მისი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია“.
ისტორია
საბჭოურ პერიოდში გუნდები ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან. „დინამო“ „ნეფთჩის“ 52-ჯერ შეხვდა და დიდი უპირატესობა აქვს – 25 მატჩი „მოიგო, 16 ფრედ დააასრულა, ხოლო 11 წააგო.
განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში „ბაკსელ არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას „მაკაბისა“ და ყაზახურ „კაირატს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.
„დინამო“ – „ნეფტჩი“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.