„დინამო არენაზე“ ერთმანეთს საქართველოსა და ანდორის ნაკრებები დაუპირისპირდებიან
„დინამო არენაზე“ ერთმანეთს საქართველოსა და ანდორის ნაკრებები დაუპირისპირდებიან

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ანდორის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციასაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ექვსი შესაძლებლიდან ექვსი ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ანდორას ოთხი ქულით უსწრებს.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.​

„ამჟამად გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ ნიკა კაჭარავა გვყავს, თუმცა საქართველოს ნაკრებში ხარისხიანი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ნიკას, მართალია, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ მჯერა, რომ მას თავის გამოჩენა შეუძლია.

ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის და თუ ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა მოვლენები, მის მოედანზე გამოყვანას არ გამოვრიცხავ. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ შესაძლოა, სწორედ ჯანოს გამოყვანა დაგვეხმაროს ამ მატჩის მოგებაში. არ არის გამორიცხული, რომ ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დავიწყოთ თამაში. გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ის „დინამოში“ ვარჯიშობს და მისი გამოცდილების იმედი გვაქვს. ის ჩვენი ძირითადი მეკარეა.

ანდორას კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს და მათი უძლიერესი მხარე მათი მწვრთნელია. თუმცა, საქართველოს უფრო ხარისხიანი შემსრულებლები ჰყავს და მჯერა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – აღნიშნა ვაისმა.