დიმიტროვი წლის შემაჯამებლის მეორე ნახევარფინალისტია
დიმიტროვი წლის შემაჯამებლის მეორე ნახევარფინალისტია

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, “სამპრასის ჯგუფში” მეორე ტურის მატჩები გაიმართა და მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ეს არის ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, რომელმაც 6:0, 6:2 გაანადგურა ბელგიელი დავიდ გოფენი. ამით მან საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ვადაზე ადრე გაიფორმა.

დიმიტროვმა საწყისი ცხრა გეიმი ზედიზედ მოიგო და 6:0, 3:0 დაწინაურდა. და მხოლოდ ამის შემდეგ აიღო პირველი გეიმი მატჩში გოფენმა. ბულგარელმა შეხვედრაში 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი გამოიყენა, გოფენს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ამ შანსის რეალიზება ვერ შეძლო.

დღის მეორე მატჩში ავსტრიელი დომინიკ ტიმი ესპანელ პაბლო კარენიო-ბუსტას ხვდებოდა, რომელიც ტრავმირებულ რაფაელ ნადალს ცვლიდა. აქ გაცილებით მეტი ბრძოლა იყო და ტიმმა ორ საათსა და რვა წუთში 6:3, 3:6, 6:4 მოიგო.

სამპრასის ჯგუფში” ბოლო ტურში ასეთი მატჩები გაიმართება: დიმიტროვი-კარენიო ბუსტა, გოფენი-ტიმი. სწორედ გოფენსა და ტიმს შორის შეხვედრაში უნდა გაირკვეს მეორე ნახევარფინალისტი.

დატოვე კომენტარი