დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შიდა საზღვრებზე კონტროლის გაუქმებისკენ მოუწოდებს
მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შიდა საზღვრებზე კონტროლი გააუქმონ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„თუ შენგენი არსებობას შეწყვეტს, ევროპა მოკვდება“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა ვაშინგტონში ვიზიტისას.
ავრამოპულოსის თქმით, შენგენის ზონამ ნორმალური ფუნქციონირება უნდა აღადგინოს.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის გაგრძელება“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
როგორც დიმიტრის ავრამოპულოსი მიიჩნევს, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ სასაზღვრო კონტროლი უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს.
2018 წლის ბოლომდე გერმანიამ და ავსტრიამ სასაზღვრო კონტროლი 2019 წლის მაისამდე გაახანგრძლივეს, სასაზღვრო კონტროლი ასევე დაწესებული აქვთ საფრანგეთს, ნორვეგიას და დანიას. ავრამოპულოსის თქმით, ამ ქვეყნებს ჰქონდათ სასაზღვრო კონტროლის დაწესების მიზეზი, თუმცა ახლა ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა მუშაობს.