დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენისთვის – „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის“ შეირჩა 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი მისი თხუთმეტი ნამუშევარი.

გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში იტალიის ელჩი დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რასაც შეხვდებით პარიზში, ბერლინში, რომსა და სხვა დედაქალაქებში. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ცივილიზაციით და წარსულით, რომ ევროპას ვეკუთვნით და გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია, მათ არ ჩამოვრჩეთ“, – განაცხადა გამოფენის შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სიურეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.