ეროვნულ გალერეაში ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ გალერეაში ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ორენოვანი კატალოგი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში წარმოდგენილია ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებიდან ის ნამუშევრები, რომლებიც განახლებულ ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. კატალოგი აერთიანებს მხატვრის ნამუშევრებს (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. მათ შორის: „წითელი ოთახი“, „ქალი წიგნით“, „მადონა“, „გასეირნება“, „მეუდაბნოე“, „ყვავილები ჩიტით“, „ქალი ლანგრით“, „ხარება“, „აბასთუმანი“ და სხვა. ასევე, შესულია გამოფენის კურატორის, „ბაია გალერეას“ დამფუძნებლის, ბაია წიქორიძის წერილი ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების შესახებ.

რაც შეეხება ციფრულ პროექტს, ის წარმოადგენს ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების ციფრულ ანიმაციას. 10-წუთიანი ციფრული პროექტი აწყობილია მხატვრის მნიშვნელოვანი ნამუშევრების მიხედვით და წარმოგვიდგენს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას ახალი კონტექსტით. ციფრული პროექტის ჩვენება გაიმართება ყოველდღე, გამოფენის მსვლელობის დროს.

პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი და „ბაია გალერეა“. საგამოფენო და საგამომცემლო პროექტის ავტორია „ბაია გალერეა“, გამოფენის კურატორი, ტექსტის ავტორი – ბაია წიქორიძე, თანაკურატორი – მარიამ დვალი, მუსიკა – ნიკა მაჩაიძე. ციფრული პროექტის შექმნაზე იმუშავეს გურამ ქველაძემ, ნატო შუშანიამ და ელენე ლორთქიფანიძემ.

„რაც უნდა სრულყოფილი იყოს კატალოგი, ყოველთვის ჩნდება ნამუშევრები, რომლებიც ვერ მოვიძიეთ, რომლებიც ვთქვათ საქართველოში არ არის და შემდეგ მოვიძიებთ ხოლმე. როდესაც ეს ნამუშევრები მერე უბრალოდ გამოიფინება და ბრუნდება მესაკუთრეებთან, უკვე ძნელია მათი კატალოგიზაცია. ამჯერად კი ბერლინიდან ირაკლის ქალიშვილის მიერ მოძიებული და ჩამოტანილი ნამუშევრებით შეივსო კიდევ ერთხელ ბერლინის ციკლი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბაია წიქორიძემ ეს ტვირთი თავის თავზე აიღო და შესანიშნავი კატალოგი მოამზადა, მოაწყო გამოფენა ეროვნულ გალერეაში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და დაფიქსირდა ყველა ის ნამუშევარი, რომელიც აქამდე არ იყო ფართო მაყურებლისთვის ცნობილი“, – აცხადებს ირაკლი ფარჯიანის მეუღლე, ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 2 ნოემბერს განახლებული ეროვნული გალერეა ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 20 და ირაკლი ფარჯიანის 60 ნამუშევრის ხილვა დამთვალიერებელს მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე შეუძლია.