დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს გატანილი კიდევ ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს გატანილი კიდევ ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო წარმოადგინა და მათი საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.

ესენია: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული ფერწერული ტილოები 2010 წელს ეროვნული გალერეის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდიდან გატანილი იქნა საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ნამუშევრები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. თეა წულუკიანის ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მოცემული ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა და დღეს მოხდა მათი გადაცემა ეროვნული გალერეისთვის. ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილს.

მინისტრის ბრიფინგს ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე (რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ნახატების ჩეხეთის რესპუბლიკიდან დაბრუნების პროცესს) და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას სამი თვის წინ უკვე დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).

„მუზეუმიდან გატანილი ყველა ექსპონატი მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან არაერთი წლის განმავლობაში ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ კი კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვას და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება და პროცესის დასრულებისთანავე შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

დატოვე კომენტარი