დიმიტრი საძაგლიშვილი - სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ 72-საათიანი ვადა იწურება ხვალ, შესაბამისად, ხვალ უნდა გვითხრან პოზიცია საჩივართან დაკავშირებით
დიმიტრი საძაგლიშვილი - სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ 72-საათიანი ვადა იწურება ხვალ, შესაბამისად, ხვალ უნდა გვითხრან პოზიცია საჩივართან დაკავშირებით

უბრალოდ ჩვენ მივეცით შანსი ხელისუფლებას, რომ გადაედგათ გონივრული ნაბიჯი და გამოსულიყო ამ ჩიხური ვითარებიდან, თუმცა ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ეს შანსები კიდევ უფრო შემცირებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

​როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოდან ჯერ პასუხი არ აქვთ.

„სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ 72-საათიანი ვადა იწურება ხვალ, შესაბამისად, ხვალ დღის ბოლომდე უნდა გვითხრან პოზიცია ჩვენ საჩივართან დაკავშირებით. რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, ერთი შესაძლებელია დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, რაც ნიშნავს ნიკა მელიასთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას, მეორე ჩვენ სააპელაციო სასამართლოს ვთხოვეთ, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ვერ გამოიყენებს კონსტიტუციას და აუცილებლად უნდა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობა, მაშინ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებით, მესამე უარი გვითხრას საჩივრის მიღებაზე. ცხადია, როდესაც ჩვენ შეგვქონდა სააპელაციო საჩივარი ჩვენთვის არ გვქონდა მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლოში დაგვხვდებოდნენ მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლეები დაგვხვდებოდნენ. დარწმუნებული ვართ, იქაც, როგორც ეს ნინო ჩახნაშვილმა გააკეთა, ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გახმოვანება მოხდება. ჩვენ მივეცით შანსი ხელისუფლებას, რომ გადაედგათ გონივრული ნაბიჯი და გამოსულიყო ამ ჩიხური ვითარებიდან, თუმცა ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ეს შანსები კიდევ უფრო შემცირებულია“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.