დიმიტრი საძაგლიშვილი - სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან
დიმიტრი საძაგლიშვილი - სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობას კვლავ განაგრძობს, ვინაიდან იუსტიციის სამინიტროსა და პენიტენციურ სამსახურს მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის თაობაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ უცნობებიათ.

როგორც საძაგლიშვილი ამბობს, სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის მოტივი იყო მესამე პრეზიდენტითვის ღირსების შელახვა.

„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს, მათ არ გაუკეთებიათ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში, სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის დაწესებულებაშიც კი. ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი ნაწილი არის იზოლირებული, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია, რადგან მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად. ანუ, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, არამედ მოიყვანეს, რათა მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი, ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეომტკიცებულებაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც ვნახეთ, როგორ არაადამიანურად, არაჰუმანურად ექცევა სისტემა ადამიანს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სისტემა ამას აკეთებს პრეზიდენტის მიმართ. ხელისუფლების პოზიცია, მოლოდინი, სავარაუდოდ იყო, რომ ამით ღირსებას შეულახავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ამ ვიდეოების შემდეგ საპირისპირო შედეგი დადგა. აქ ჩანს, როგორ ღირსეულად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად მარტო მყოფი მიხეილ სააკაშვილი და როგორ არაადამიანურად იქცევა სისტემა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დიმიტრი საძაგლიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც გააკეთა კომენტარი.

„ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთან დღეს არ მისაუბრია, თუმცა აშკარაა, რომ ეს არის დამონტაჟებული ვიდეომასალა. იმდენად აშკარა კვალი ეტყობა მონტაჟის, რომ ექსპერტიზაც არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც კი აღსაქმელია. ბუნებრივია, ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ის ნაწილები, რომელიც მათი აზრით, იყო მათთვის სასარგებლო და ამოჭრა, რისი გავრცელებაც არ სურდათ“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საძაგლიშვილი ამბობს, რომ ის სუსტადაა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს გადასხმა, რაზეც მან უარი განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო – ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შიმშილობის ამ ფაზაში არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის იქნება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის. მას შესთავაზეს დღეს გადასხმა, რაზეც უარი განაცხადა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ. მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მასში არსებული გამარჯვების უდიდესი რწმენა, სიმტკიცე, აძლევს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მათ შორის ფიზიკურ ძალას“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.