დიმიტრი საძაგლიშვილი - კახაბერ ანჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბოლოო ჯამში „რუსთავი 2“-მა მოგება ნახა 2015 წელს
დიმიტრი საძაგლიშვილი - კახაბერ ანჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბოლოო ჯამში „რუსთავი 2“-მა მოგება ნახა 2015 წელს

კახაბერ ანჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბოლოო ჯამში „რუსთავი 2“-მა პირიქით მოგება ნახა 2015 წელს, – ამის შესახებ „ინტერმედია +“-ის ერთ-ერთი მეწილის, კახაბერ ანჯაფარიძის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურაში ანჯაფარიძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

„გამოძიებას პრინციპში აინტერესებდა 2015 წლის სარეკლამო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალები, რაზეც მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს შთაბეჭდილებას, ეს შთაბეჭდილება პრინციპში არ მომდინარეობს დღევანდელი დაკითხვიდან. ეს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებებიდან მომდინარეობს. უდავოა, რომ პროკურატურამ იჩქარა, როდესაც ბრალი წაუყენა ნიკა გვარამიას, რადგან მათ ეს გააკეთეს ინფორმაციის გამოკვლევისა და გაანალიზების გარეშე. ბუნებრივია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ არ შეასრულა თავისი ფუნქციები, არამედ შეასრულა დაკვეთა და მერე შეეცდება ამ დაკვეთის გამართლებას. ძალიან მარტივია, ნიკა გვარამიას ედავებიან, რომ თითქოს ის იყო ცუდი დირექტორი, რადგან „რუსთავი 2“-მა მიიღო ნაკლები თანხა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორ უნდა შევაფასოთ დირექტორის წარმატება თუ წარუმატებლობა, ყველაზე სწორი მეთოდია, შევადაროთ მის კონკურენტს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, კახაბერ ანჯაფარიძისგან აინტერესებდათ 2015 წლის სარეკლამო გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის რა სტატუსით მონაწილეობდა ის გაყიდვებში.

„კახაბერ ანჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბოლოო ჯამში „რუსთავი 2“-მა პირიქით მოგება ნახა 2015 წელს, მათ შორის კახაბერ ანჯაფარიძის მონაწილეობით ამ სარეკლამო კომპანიაში, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მიღებული შემოსავალი ვიღაცას წაეღო სახლში, მოხმარდა კომპანიას“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და შეუძლებელია იმის თქმა, ვის რა სტატუსი ექნება მომავალში. მისივე თქმით, კახაბერ ანჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება აბსურდული იქნება.

„რუსთავი 2“-ის კომპანიაში ზარალი არ არსებობს და პროკურატურამ არ შეისწავლა. მაგალითად, თუ შევადარებთ 2015 წელს, ნიკა გვარამიას ედავებიან 35 500 000 მილიონი ლარის რეკლამა გაყიდა „რუსთავი 2“-მა, 11 500 000 მილიონი ლარით მეტი გაყიდა მის მთავარ კონკურენტზე, იმ პირობებში, როდესაც რეიტინგებში ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ნიკა გვარამია იყო ძალიან წარმატებული დირექტორი. ნიკა გვარამიას ეუბნებიან – უფრო მეტი უნდა მიგეღოო, თორემ შემოსავალი სად წავიდაო, მაგაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დატოვე კომენტარი