დიმიტრი საძაგლიშვილი - გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა, რეანიმატოლოგთა ჩარევის შემდეგ ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა
დიმიტრი საძაგლიშვილი - გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა, რეანიმატოლოგთა ჩარევის შემდეგ ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა

გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა, საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსილიუმის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა.

„გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციასა და დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ არ აპირებენ, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში და თითქოს კონსილიუმის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება, არ ყოფილა, ეს არის წვრილფეხა ტყუილი და რატომ. კონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, ანუ არსებობს, მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლებმაც შეამოწმეს მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა. პრინციპში ამას მგონი, იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ ამ დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი არც მაგნიტორეზონანსული კვლევის გაკეთება და არც კომპიუტერული ტომოგრაფიის. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც კარგად გვახსოვს, რატი ბრეგაძის პირველი განცხადება, როცა კონსილიუმი შეიქმნა, თქვა, რომ კონსილიუმის ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, რატომ აქვს იუსტიციის სამინისტროს დღეს ასეთი პოზიცია, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ „ისინი არ ხელმძღვანელობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“.

„მოვისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, კონსილიუმის დასკვნამდე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის, სააკაშვილი გადავა მე-18 დაწესებულებაში. პრემიერ-მინისტრს ვინ ეკითხება საერთოდ. უდავოა, რომ აქ გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, უკეთ სად იქნება შესაძლებელი მკურნალობა. არა. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ფაქტობრივად, ხელისუფლება წირავს სააკაშვილს. მის სიცოცხლეს აყენებს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.