დიმიტრი საძაგლიშვილი - გლდანის ციხეში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან, ეს არის სახელმწიფოსგან უარი სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე
დიმიტრი საძაგლიშვილი - გლდანის ციხეში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან, ეს არის სახელმწიფოსგან უარი სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე

მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთვის აღმოჩნდა გზის ნაპირა ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია, შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა ვიზუალური კომუნიკაცია ამ ხალხთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხებ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, ადვოკატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში.

„ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. მიუხედავად ამისა, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას.

უბრალოდ, მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ვერ გაიზიარებენ იუსტიციის მინისტრის პოზიციას, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში იზოლირებული იქნება, იმ პირობებში, როცა, მისივე განმარტებით, მინისტრმა ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ შეცვალა პოზიცია.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ხელშეკრულება კერძო კლინიკებთან და ყოველთვის ამ პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრები გადაჰყავთ კერძო კლინიკებში. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს. ეს არის სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, იუსტიციის მინისტრმა გადათქვა საკუთარი პოზიცია. მისი სიტყვები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ორი დღის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ შეცვალა პოზიცია. რანაირად შეიძლება, გავიზიაროთ იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომ იზოლირებული იქნება, მაშინ, როდესაც წინა დღეს გვითხრა, ნებისმიერ რეკომენდაციას შეასრულებდა. მეორე დღეს გვითხრა, რომ, არა, ახლა კერძოში არ გადავიყვანთ. განცხადება, რომ ჰოსპიტალიზება მხოლოდ  გლდანში მოხდება, უბრალოდ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ სურს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რას გააკეთებენ, თუ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა დადგება, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის მთლიანად საქართველოს ხელისუფლება.

„ჩვენ არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს. არც არანაირი ეფექტური ბერკეტი არ გაგვაჩნია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად მათ კისერზეა ნებისმიერი შესაძლო შედეგი ამ მიმართულებით“, – დასძინა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.