დიმიტრი საძაგლიშვილი - დარწმუნებული ვართ, ჩვენი აქტიურობა გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ სასამართლო პროცესს ადვოკატები მაინც დავესწრებით
დიმიტრი საძაგლიშვილი - დარწმუნებული ვართ, ჩვენი აქტიურობა გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ სასამართლო პროცესს ადვოკატები მაინც დავესწრებით

მგონია, სადავო არ არის ის გარემოება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში მოსამართლედ აბსოლუტური უმრავლესობა არის მორჩილი და ხელისუფლების ნების აღმსრულებელი, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატები სასამართლო პროცესს დაესწრებიან. როგორც საძაგლიშვილი ამბობს, ნიკა მელია პოლიტიკური მოტივაციით იდევნება და სიმართლე მის მხარეს არის.

„ამ აბსოლუტურად უმრავლესობაშიც კი ნინო ჩახნაშვილი არის გამორჩეული საკუთარი მორჩილებით. სამწუხაროდ, მას გააჩნია დიდი გამცდილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის. კერძოდ, გიორგი რურუას საქმეზე მან გამოიყენა პატიმრობა რურუას მიმართ. შესაბამისად, პირადად მე დარწმუნებული ვარ, დღეს ნინო ჩახნაშვილის გადაწყცეტილებას არ მოვისმენთ, ჩვენ მოვისმენთ „ქართული ოცნების“ გადაწყცეტილებას, უბრალოდ, ეს იქნება გახმოვანებული სასამართლოს სისტემაში და იქნება გახმოვანებული მანტიაში ჩაცმული ადამიანის მიერ. ჩვენ ბუნებრივია, დავესწრებით სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, ჩვენი აქტიურობა, ჩვენი პოზიციების არგუმენტირებულობა არანაირ გავლენას არ მოახდენს. ცხადია, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. ნიკა მელია იდევნება პოლიტიკური მოტივაციით. კანონიერების დაცვა არის არა რაღაც ფორმალური კანონიერების დაცვა, არამედ რეალურად, კანონიერების დაცვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, სიმართლე არის ჩვენ მხარეს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე: „არის საუბარი, რომ შესაძლოა, შინა პატიმრობა იყოს გამოყენებული აღკვეთ ღონისძიებად“, საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა მოთხოვნა აქვს პროკურატურას დაყენებული. თუმცა, როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, თეორიულად ეს შესაძლებელია.

„ვერ გეტყვით, ჩემთვის უცნობია პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსი და რა მოთხოვნა აქვს პროკურატურას დაყენებული. თეორიულად შესაძლებელია. აღსრულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით საკითხი დეტალურად არ არის მოწესრიგებული. თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების თაობაზე, როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ეს მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.