დიმიტრი საძაგლიშვილი - აუცილებლად გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც
დიმიტრი საძაგლიშვილი - აუცილებლად გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც

აუცილებლად გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში, ისე უკვე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს განუცხადა.

„ამ წერილით დადასტურდა ფაქტობრივად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით 18 ივლისს, გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს. რეალურად ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მხარეებს შეუძლიათ ის გაასაჩივრონ 18 ოქტომბრამდე და შესაბამისად, თუ ამ უფლებას არ გამოიყენებენ, მხოლოდ მაშინ შედის ის კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ იუსტიციის სამინისტროს როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად ვაფრთხილებდით, რომ არ მიეღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. თუმცა, ვნახეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაარეგისტრირა არა მხოლოდ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება „რუსთავი 2“-ის წილებზე, არამედ ახალი გენერალური დირექტორიც დაარეგისტრირა.

რეალურად, გვახსოვს შემთხვევები, როცა მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრი აკეთებდა განცხადებას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, რადგან არ არის საბოლოო და მთავრობა აპირებდა სამ თვეში მის გასაჩივრებას დიდ პალატაში, თუმცა ჩვენს საქმეზე ვნახეთ აბსოლუტურად საპირისპირო ქმედება.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაამთავრა ყველაფერი ისე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ წავალთ დიდ პალატაში და დიდი პალატა დააკმაყოფილებს საჩივარს, შემდეგ აღსრულებას შეიძლება შეექმნას პრობლემები. რატომ გააკეთა ეს იუსტიციის სამინისტრომ? რა თქმა უნდა, ეს მოხდა გამიზნულად, რათა ძალიან მალე გადასულიყო „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში. ეს იყო მიზანი და ბუნებრივია, ამის უკან დგას „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი.

იუსტიციის სამინისტრომ ამ ქმედებით ხელი შეუშალა სტრასბურგის გადაწყვეტილების მომავალში შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მიზანშეწონილი. ამიტომ ვაფრთხილებდით ზუსტად ჩვენ იუსტიციის სამინისტროს და მოვუწოდებდით საჯარო წარმოების ჩატარებისკენ. ეს უგულებელყოფილი იქნა. ჩვენ, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს ამ ქმედებებს აუცილებლად გავასაჩივრებთ და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ჩვენი უფლებების დასაცავად. გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში, ისე უკვე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.