დიმიტრი საძაგლიშვილი - არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
დიმიტრი საძაგლიშვილი - არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას შეცვლის.

„პრინციპში ჩვენი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის ცნობილი, არა მხოლოდ ჩემი, ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობის. მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ალბათ დატოვებს უცვლელად, არ განიხილავს ამ საჩივარს, თუმცა ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავასაჩივრებთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ზომა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

​ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.