დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. ქუმსიშვილის შეფასებით, ამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„2023 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდზე. გილოცავთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მთელი ქვეყნისთვის. გუშინ საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და საქართველოსთვის გამოცხადებულმა ნდობამ დაადასტურა, რომ ჩვენ საერთაშორისო რანგის მთის კურორტები გვაქვს და რაც მთავარია, მათი განვითარების კუთხით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს გააცნო. მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე ერთწლიანი ინტენსიური კომუნიკაციისა და მუშაობის შედეგად გამარჯვებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგაცია საქართველოში ადგილზე გაეცნო ჩვენი ქვეყნის სამთო კურორტების პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ასევე, მთის კურორტების განვითარების მიმართულებით ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს. ფედერაციის მიერ რამდენჯერმე ჩატარდა ტექნიკური ინსპექცია და დღეს უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს საერთაშორისო მასშტაბისა და რანგის ზამთრის კურორტების და სპორტის სახეობების ქვეყნას აღიარა და დიდი ნდობა გამოგვიცხადა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მთის კურორტების განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 2023 წლის საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი დიდი სტიმული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არა მარტო ამ მიმართულებით.

„ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურების განვითარების, ასევე მათი პოპულარიზაციის მიმართულებით. შედეგით სახეზე გვაქვს. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011–12 წლებთან შედარებით 2017-2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა 491 პროცენტით, დიდი პროგრესით გამოირჩევა ბოლო სეზონი 2016-2017. ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება კონკრეტულად ბაკურიანს, სადაც უნდა ჩატარდეს აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი შარშან 25%-ით გავიზარდეთ და საბოლოო ჯამში, 132 000 ვიზიტორს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის. ზამთრის კურორტების და სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ მუშაობას, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას ამის უდიდესი პოტენციალი აქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წლის საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი დიდი სტიმული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არა მარტო ინფრასტრუქტურის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები ძალიან სერიოზულად მოემზადებიან ამ მიმართულებით. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართცელოში ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. ასევე მეტი ინვესტიციის მოზიდვას ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მინდა, ახლავე დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა ქუნსიშვილმა.