დიმიტრი ქუმსიშვილი საპენსიო რეფორმაზე დარგობრივი კომიტეტის შენიშვნებს დღეს გაეცნობა
დიმიტრი ქუმსიშვილი საპენსიო რეფორმაზე დარგობრივი კომიტეტის შენიშვნებს დღეს გაეცნობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შენიშვნებს საპენსიო რეფორმაზე დღეს გაეცნობა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შეფასებას კომიტეტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.

„მოგეხსენებათ, რომ პლენარულ სესიაზე აღნიშნული კანონი გავა. დიდი იმედი მაქვს, წამყვანი – ჯანდაცვის კომიტეტი მხარს დაუჭერს საპენსიო რეფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ბოლო განხილვებისას კერძო სექტორთან და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო ნაწილთან, კანონის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გაკეთდა.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება სასარგებლო ქვეყნის განვითარებისთვის და  იმისთვის, რომ მომავალში, ჩვენს მოსახლეობას ღირსეული სიბერე ჰქონდეს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. კომიტეტს კანონპროექტთან მიმართებაში შენიშვნები აქვს.