დიმიტრი ქუმსიშვილი - საპენსიო რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საპენსიო რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა

საპენსიო რეფორმა იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ძალიან მარტივად რომ ვთქვა, დღეს თუ ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ შეფარდება საშუალო ხელფასისა და პენსიის საქართველოში არის დაახლოებით 18-დან 20%-მდე, ჩვენი ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში, აღნიშნული ჩანაცვლების კოეფიციენტი იყოს 40%-ზე მეტი. ანუ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, იყოს შენარჩუნებული ე.წ. ბაზისური პენსია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს იმ პრინციპითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეს არის და მეორე მხრივ, იყოს დაგროვებითი პენსია, რომელიც დამატებით მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მეტი თანხა აიღონ საბოლოო ჯამში, საპენსიო ასაკში გასვლის დროს, ვიდრე უბრალოდ ეს იქნებოდა საბაზისო პენსია”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ბუნებრივია, საკითხზე დისკუსია უმდა არსებობდეს.

“2017 წლის სექტემბერში გავიტანეთ პირველი დრაფტი საქართველოს მთავრობაზე. 2017 წლის სექტემბრიდან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ჩვენ დისკუსიებს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. პარლამენტიც ხომ იმისთვის არის, რომ კანონმდებლობაზე დისკუსია მოხდეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.