დიმიტრი ქუმსიშვილი - სამუშაო ადგილების შექმნისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
დიმიტრი ქუმსიშვილი - სამუშაო ადგილების შექმნისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, გვაქვს დამტკიცებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას შეიცავს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამუშავება.

„ჩვენ უკვე გავმართეთ არაერთი შეხვედრა ამ საკითხზე ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით. გვქონდა მოლაპარაკება ევროპელებთან, გავგზავნეთ ოფიციალური წერილები, რათა მათგან მიგვეღო ამ რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარება. ასევე,  არაერთხელ გამოვხატეთ სურვილი, რომ ევროპელები, ევროკავშირი გვსურს ვიხილოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანამონაწილედ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტისას საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე დეტალური საუბარი შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგნლებთან.

„მივიღეთ მათგან პირობა, თანხმობა იმისა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, აღნიშნული რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც ასე გვჭირდება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საქართველოში საკრედიტო–საგარანტიო რეფორმის განხორციელება იგეგმება.