დიმიტრი ქუმსიშვილი - მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ სსფ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას
დიმიტრი ქუმსიშვილი - მეორე მიმოხილვის წარმატებით  დასრულება ადასტურებს, რომ  სსფ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარმატებულად აფასებს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან – ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით.

ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის.

„პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას.

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.

სავალუტო ფონდის მისია „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.