დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას.

კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.