დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის დელეგაციის წევრებთან აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც 25 წელს მოიცავს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მაღალი შეფასება მისცა რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას და აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰარტვიგ შეიფერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მომდევნო სამოქმედო პროგრამაზე, რომლითაც განისაზღვრება თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.