დიმიტრი ქუმსიშვილი - ინტერნეტწვდომის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, პროექტი „ინტერნეტი ყველასთვის“ აქტიურ ფაზაშია
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინტერნეტწვდომის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, პროექტი „ინტერნეტი ყველასთვის“ აქტიურ ფაზაშია

ინტერნეტწვდომის საკითხზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე ფორუმზე „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“,  ინტერნეტთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი  განიხილება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში,  ბავშვების უფლებების დაცვა ინტერნეტში, კიბერუსაფრთხოების საკითხები და სხვა.

„ასევე, თავად იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანი არის ინტერნეტის წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ამ მიმართულებით, თუმცა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და პროექტი „ინტერნეტი ყველასთვის“ ძალიან აქტიურ ფაზაშია. შერჩეული გვაქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ეს არის რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის მიმართულება, სადაც ამ დროისთვის არის ღია ტენდერები გამოცხადებული და რეალურად, მათი დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობის პროცესი“, – განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმზე განსახილველი საკითხები და გამოცდილება, რომელსაც საქართველო ფორუმის ფარგლებში გაიზიარებს.

„ინტერნეტი არის სწორედ ის შესაძლებლობა, რომელიც 21-ე საუკუნეში ადამიანებს გვაძლევს გამოხატვის და ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისში ფორუმი – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ იმართება.