დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს აგრეთვე მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აუცილებელია მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაც.

მინისტრის განცხადებით, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობა მსგავს სასწავლებლებს შორის, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე – 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე შრომის საერთაშორისო ბაზარზე.

სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას. ასევე, ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების კონკურეტუნარიანობის გაზრდას.

გუდაურში ყოფნისას, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საკურორტო ზონაში მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამჟამად გუდაურში არსებული საკანალიზაციო ქსელი ამორტიზებულია და რიგ დასახლებებში სრულად არ არის განვითარებული. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების სისტემა მოემსახურება. ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში და ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაგეგმილია გუდაურის წყალმომარაგების ქსელის გაფართოვება, რაც გულისხმობს გუდაურის მიმდებარე სოფლის ,,სეთურების’’ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

პირველი ვიცე-პრემიერი ასევე დაინტერესდა გუდაურში 100,000 კუბური მეტრის ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოებით. აღნიშნული რეზერვუარი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაეცნო კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის პროცესს, რომლის სიგრძე 7,5 კმ-ია.

„გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე საბაგირო აშენდება გუდაურში 2018 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი. 2016-17 წლებში გუდაურში 36 კმ. წყალმომარაგების ქსელი აშენდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.