დიმიტრი ქუმსიშვილი - ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს გუდაურში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
დიმიტრი ქუმსიშვილი - ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს გუდაურში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმებს მადლობას უხდის.

მინისტრი, რომელმაც დღეს გუდაურში გუშინ დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში მოინახულა, აღნიშნავს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს დაშავებულთა დასახმარებლად.

„ცოტა ხნის წინ, მე და დავით სერგეენკომ მოვინახულეთ შვედეთის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც არის ფეხმძიმედ. მინდა აღვნიშნო, რომ კარგ ხასიათზეა, არის კონტაქტური. გავესაუბრეთ დეტალურად მომხდარ ფაქტთან, ასევე,  შეგრძნებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ის წუხს, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი უკეთდება. მადლიერია გამოჩენილი ყურადღებისთვის.

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღუდუშაურის და „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმებს, რომლებმაც ნამდვილად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორებულიყო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“.  ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.