დიმიტრი ქუმსიშვილი - აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს
დიმიტრი ქუმსიშვილი - აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს

აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისი მასპინძლობს აბრეშუმის გზის მეორე ფორუმს, რომელსაც 60-მდე ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი ესწრება.

„ძალიან მაღალი დონის დელეგატები გვყავს. ასევე, აქ იმყოფებიან ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ასევე, არიან ვიცე-პრემიერები, ძალიან ბევრი ქვეყნის მინისტრები. საბოლოო ჯამში, თითონ ფორუმის შინაარსი და სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორი ახორციელებს პორტებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, შემდგომში უნდა იყოს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც თავის თავში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ჩაანაცვლებს აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის გაგრძელება, ერთ-ერთი განშტოება. მისივე თქმით, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან და თავის მხრივ, ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც თავდაპირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონით, ხოლო შემდგომში უკვე 15 მილიონი ტონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს დერეფანს გააჩნია.

კითხვაზე, რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას აბრეშუმის გზის პირველმა ფორუმმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა.

„2015 წლის მარტში მოეწერა შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ, თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა მათ შორის, ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედაც რომ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა, მაშინ ეს იყო მონდომება და დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9-დან 12 დღემდეა საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩატანისთვის. ასე რომ, ის მონდომებები, ის გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც 2015 წელს გამოითქვა, წელს არის რეალობა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მოეწერება ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის, ჩინეთთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, ეს იქნება ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური და ინოვაციური პარკების ხელშეკრულება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძალავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას და შესაბამისი ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას იმისთვის, გამოყენებული იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის და ასევე ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც საქართველოს აქვს.

„თავის თავში ეს ითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.