დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მხარეთა შეთანხმებების შემთხვევაშია შესაძლებელი
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მხარეთა შეთანხმებების შემთხვევაშია შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მხარეთა გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაშია შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი შეხვედრა, როგორც ორი მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგი, ამ დელეგაციების მიერ გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, რუსეთი მოამზადებს და უკრაინას გადასცემს ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩამონათვალს.

„მართლაც, შევთანხმდით, რომ გავცვლით ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩამონათვალს, მუშაობა გრძელდება, მიმდინარეობს. რუსული მხარე ასეთ ჩამონათვალს მოამზადებს და გადასცემს, გაცვლის უკრაინულ მხარესთან. რა იქნება კონკრეტულად იქ, ალბათ წინასწარ თქმა არ ღირს, მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს და უნდა წარიმართოს დახურულ რეჟიმში“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, როგორც პესკოვმა განაცხადა, რუსეთსა და აშშ-ს ჯერჯერობით არ განუხილავთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები. მისივე თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტენ სატელეფონო საუბარს ამ მოლაპარაკებების შესახებ, კრემლი ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

„თუ პუტინი და ტრამპი ჩათვლიან მიზანშეწონილად საუბრის გამართვას, გაცნობებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.