დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ძალიან მოკლე დროში მოხდა, ვნახოთ, როგორ წარიმართება საუბარი, შედეგების პროგნოზირება დიდი შეცდომაა
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ძალიან მოკლე დროში მოხდა, ვნახოთ, როგორ წარიმართება საუბარი, შედეგების პროგნოზირება დიდი შეცდომაა

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტს ერთმანეთთან განიხილავენ, კიევის აზრი, შესაძლოა, მომავალში იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამჟამად ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებზე. უკრაინული მხარის აზრის საკითხი შემდგომ ეტაპებს ეხება“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის დარეგულირება იქნება.

„განხილული იქნება უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. არსი ძალიან რთულია, ძალიან მრავალმხრივია“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, რუსეთი და აშშ მოლაპარაკებების შედეგების საფუძველზე რაიმე დოკუმენტის მომზადებას არ გეგმავენ.

„თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ შეთანხმებებისა და გაგებების დიაპაზონზე, რომელთა მიღწევასაც შეძლებს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება „ძალიან, ძალიან მოკლე დროში“ მოხდა, თუმცა „ყველა პარამეტრი დაკმაყოფილდა“. მისივე თქმით, შეხვედრის შედეგებზე წინასწარ საუბარი „დიდი შეცდომაა“.

„ვნახოთ, როგორ წარიმართება საუბარი. შედეგების პროგნოზირება დიდი შეცდომაა“, – აღნიშნა პესკოვმა.