დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონმა "შავ სიაში" მოხვედრილებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა
დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონმა "შავ სიაში" მოხვედრილებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა

ვაშინგტონმა „კრემლის ანგარიშის“ ფიგურანტებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომელიც ასევე შედის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“.

„დე ფაქტო ყველა აშშ-ის მტრად არის დასახელებული. თუ წაიკითხავთ ტექსტს, ამ დოკუმენტის სახელწოდებას, ნახავთ, რომ ყველაფერი კეთდება აშშ-ის მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა.

გამოქვეყნებული „შავი სია“ დონალდ ტრამპის მიერ 2017 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის ნაწილია.

„ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების საშუალებით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ აქტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტთან და ნაციონალურ დაზვერვასთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა რუსეთის ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირების შესახებ ანგარიში.