დიმიტრი პესკოვი - უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება
დიმიტრი პესკოვი - უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება

უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში რისკიანი იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე თუ გაფორმდება რაიმე შეთანხმება, ქვეყნები, რომლებიც მზად იქნებიან მასში მონაწილეობის მისაღებად, მზად უნდა იყვნენ რისკების ასაღებადაც.

„უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქ წარმოიშობა გარკვეული რისკები, ამიტომ რაიმე თუ გაფორმდება რუსეთის გარეშე, ეს რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების ასაღებად“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, „რუსეთი ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გაახანგრძლივა ეს შეთანხმება რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ პირობები რუსეთთან მიმართებაში არ სრულდებოდა“.

პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის, უფასოდ ჩაანაცვლოს მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის. მოსკოვში თვლიან, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ღარიბმა ქვეყნებმა ყველაზე ნაკლები მიიღეს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია შენარჩუნებულია. აფრიკისთვის რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი ივლისის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტზე განიხილება. ჩვენ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს აფრიკელ პარტნიორებთან, ეს კონტაქტები გაგრძელდება სანკტ-პეტერბურგის სამიტზე, ვემზადებით და ველით მათ“, – განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება შეთანხმებიდან გასვლის გამო დასავლეთისგან წამოსულ კრიტიკას, პესკოვის თქმით, „შეიძლება, უსინდისო ეწოდოს ევროპული სახელმწიფოების პოზიციას“.