დიმიტრი პესკოვი - უკრაინას რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება, მით ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული
დიმიტრი პესკოვი - უკრაინას რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება, მით ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული

უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა აახლოებს კონფლიქტის დასასრულს. ამგვარად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას.

„რამდენადაც გვესმის, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ცარიელი საწყობები. საწყობებში ამ შეიარაღების ნაკლებობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.