დიმიტრი პესკოვი - ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებისთვის ვაშინგტონს რუსეთის ნებართვა დასჭირდება
დიმიტრი პესკოვი - ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებისთვის ვაშინგტონს რუსეთის ნებართვა დასჭირდება

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის გასაჯაროებისთვის ვაშინგტონს რუსეთის ნებართვა დასჭირდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მზად იქნება ამ საკითხის ვაშინგტონთან განსახილველად, თუ ამის შესახებ მოსკოვს თხოვნით მიმართავენ, თუმცა დიმიტრი პესკოვს მიაჩნია, რომ მსგავსი საუბრების გასაჯაროება დიპლომატიურ პრაქტიკაში ნორმად არ ითვლება.

აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპის მსოფლიო ლიდერებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოთხოვას მას შემდეგ გეგმავს, რაც ცნობილი გახდა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის თემა. საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას სთხოვდა დაინტერესებულიყო უკრაინაში შეწყვეტილი გამოძიების საქმით, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერი ფიგურირებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი აძლევთ დემოკრატებს შეშფოთების საფუძველს, რომ პრეზიდენტმა სხვა ლიდერებთან საუბრისას შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.

დატოვე კომენტარი