დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პრეზიდენტი ტრამპისა და მისი გუნდის, მათ შორის სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფის სამშვიდობო ძალისხმევას აფასებს, მივესალმებით მიღწეულ შედეგებს
მოსკოვი აფასებს აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი გუნდის ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ვითარების დარეგულირებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, პესკოვმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებაზე, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, კომენტარი არ გააკეთა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული მხარე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრამდე პროცესის შეფასებას არ აპირებს.
„ჩვენ მოლაპარაკებების ამჟამინდელ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ გვსურს, განსაკუთრებით უიტკოფის მოსკოვში ჩამოსვლამდე და პუტინთან შეხვედრამდე. რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის, მათ შორის სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფის სამშვიდობო ძალისხმევას აფასებს. ჩვენ ვაფასებთ ამ ძალისხმევას, მივესალმებით მათ და მიღწეულ შედეგებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.