დიმიტრი პესკოვი - რუსეთის დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჯანსაღი აზრის გამარჯვებაა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჯანსაღი აზრის გამარჯვებაა

რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დასავლეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას არ ნიშნავს, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსის განხილვას საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ევროპელ წარმომადგენლებს ამ საკითხზე განსხვავებული აზრის ქონის უფლება აქვთ. ასევე იცით, ყირიმელებისა და რუსების, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიცია. ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია, ეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და ყირიმთან დაკავშირებული რაღაც საკითხები, არც ერთი ქვეყნისგან განხილვას არ ექვემდებარება, მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ჯანსაღი აზრის გამარჯვებაა“ .

„საუბარია არა მოსკოვის დიპლომატიურ გამარჯვებაზე, არამედ ჯანსაღი აზრის, რადგან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ შეუძლია სრულფასოვნად იმუშავოს რუსეთის დელეგაციის გარეშე“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაზე მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული.  რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა.  რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.

დატოვე კომენტარი