დიმიტრი პესკოვი - რუსეთი შეიარაღების შეჯიბრში მონაწილეობას არ აპირებს და სამხედრო ხარჯების შემცირებასაც გეგმავს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი შეიარაღების შეჯიბრში მონაწილეობას არ აპირებს და სამხედრო ხარჯების შემცირებასაც გეგმავს

ვლადიმერ პუტინს ახალ საპრეზიდენტო ვადაში ურთიერთობების განვითარება ბევრ ქვეყანასთან სურს, მათ შორის, აშშ-სა და ევროპასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის შიდა საქმეებთან მიმართებით, პრეზიდენტის პოლიტიკა არ გამოიწვევს რუსეთის იზოლაციას მსოფლიოსგან. პესკოვი აღნიშნავს, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი შიდა საკითხების მოსაგვარებლად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა იქნება, რისთვისაც პრეზიდენტს დიპლომატიის მხარდაჭერა სჭირდება.

ამასთან, როგორც პესკოვი აცხადებს, რუსეთი არ აპირებს შეიარაღების შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას და სამხედრო ხარჯების შემცირებასაც გეგმავს.

პუტინის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო შესამჩნევად ვლინდება “ცივი ომის” ელემენტები.

„ჩვენ ვხდებით მოწმე “ცივი ომის” მრავალი ელემენტის და, სამწუხაროდ, დღის წესრიგში ვხედავთ “ცივი ომის” სულ უფრო მეტ ელემენტს და ამას ვაწყდებით საერთაშორისო ურთიერთობებში” – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.