დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის, სწრაფად იმოძრაოს უკრაინის საკითხის დარეგულირებისკენ, რუსეთისთვის მთავარია თავისი მიზნების მიღწევა, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული
რუსეთი მზად არის, სწრაფად იმოძრაოს უკრაინის საკითხის დარეგულირებისკენ, რუსეთისთვის მთავარია თავისი მიზნების მიღწევა, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„რუსეთი მზად არის, იმოძრაოს სწრაფად. ჩვენთვის მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ჩვენი მიზნები გასაგები, მკაფიოა, ისინი არ იცვლება. თუმცა პროცესი მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის“, – აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონში სულ უფრო მეტად ესმით უკრაინის საკითხის დარეგულირების სირთულე.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, ყველა უკვე მიეჩვია „საკმაოდ მკაცრ და სწორხაზოვან რიტორიკას“.
„ამასთან, ის (ტრამპი) ადასტურებს თავის განზრახვას, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რაც შესაძლებელია მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობისთვის. კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმაც არაერთხელ განაცხადა თავის სურვილზე, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ უკრაინის საკითხის დარეგულირება მშვიდობიან კალაპოტში“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და მარტივი არ არის.
„დიდი ალბათობით, ვაშინგტონში სულ უფრო და უფრო ესმით ეს“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.