დიმიტრი პესკოვი - რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი ყველა მხარეს აქვს, თუმცა შემდეგი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი ყველა მხარეს აქვს, თუმცა შემდეგი რაუნდის თარიღი და ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, კერძოდ, სამმხრივ ფორმატში. ყველა მხარე დაინტერესებულია ამით და, რაც მთავარია, ამერიკელები მზად არიან, განაგრძონ შუამავლობა. ჩვენ ამას ვაფასებთ და დაინტერესებულები ვართ, რომ პროცესი გაგრძელდეს. შემდეგი რაუნდისთვის ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული თარიღები და არც ადგილმდებარეობა“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსულ ნავთობზე შეერთებული შტატების მიერ სანქციების მოხსნის შესაძლებლობა ვაშინგტონთან დეტალურად არ განხილულა.
პესკოვმა თეთრი სახლის გადაწყვეტილება გარკვეული ქვეყნებისთვის შეზღუდვების მოხსნის შესახებ გლობალურ ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციის მცდელობებით ახსნა.
„ეს თემა დეტალურად არ განხილულა, თუმცა გლობალური ეკონომიკისთვის მისი შედეგები ტრამპმაც და პუტინმაც კარგად იციან. რა თქმა უნდა, აშშ-ის მიერ ნავთობის შეზღუდვებთან დაკავშირებული ზომები მიზნად ისახავს სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარების დროს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას“, – განმარტა პესკოვმა.