დიმიტრი პესკოვი – პუტინი მზად არის, გასცეს ბრძანება, რომ უკრაინას უშუალოდ არჩევნების დღეს არ დაარტყან
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მზად არის, გასცეს ბრძანება, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს.
პესკოვის თქმით, აშკარაა, რომ კიევს არჩევნების ჩატარება რეალურად არ სურს. ამასთან, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი მოკლევადიან ზავს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას ამჯობინებს.
„პრეზიდენტს ამის შესახებ ადრეც უსაუბრია, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი სახელით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ თუ კიევს არჩევნების ჩატარება რეალურად სურს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს არჩევნების დღეს. სწორედ არჩევნების დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა მიანიშნა, რომ „უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.