დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.
ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად.
„ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც [ზელენსკი] ამას არასდროს აკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.
„არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაწყებულიყო; ის არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინამ ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა.
„ომში ორ მილიონზე მეტი დაიღუპა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ დიზელის იმპორტის შესახებ აშშ-ის რუსეთთან შეთანხმებამ შესაძლოა, უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს, ტრამპმა განაცხადა: „ზელენსკის ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, თუმცა ამას არ აკეთებს”.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.