დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

კრემლში აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.

აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. პესკოვი ამ განცხადებით გამოეხმაურა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას, რაც ოფიციალურად დღეს შედგება.

„კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს გახლავთ სიტუაციის მორიგი დაძაბვა. ნატო-ს გაფართოება გახლავთ რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია და ამას სწორედ ამგვარად აღვიქვამთ. ბუნებრივია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც ტაქტიკურად, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისა და ჰელსინკის ურთიერთობებზე აისახება.

„ალიანსი მაინც არის რუსეთისადმი არამეგობრული სტრუქტურა და, უმეტესწილად, რუსეთის ფედერაციის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა პესკოვმა.

ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. ბრიუსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს. საბოლოოდ კი ქვეყნის დროშა ნატო-ს შტაბბინაში საფრანგეთისა და ესტონეთის დროშებს შორის აღიმართება.