დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი ყურადღებით აფიქსირებს ყველა განცხადებას, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აკეთებენ
დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი ყურადღებით აფიქსირებს ყველა განცხადებას, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აკეთებენ

მოსკოვი ყურადღებით აფიქსირებს ყველა განცხადებას, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აკეთებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან შეხების ხაზზე სიტუაციის განვითარებას, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ხდება მთელი ინფორმაციის დეტალური ანალიზი, ასევე, ყურადღებით ვაფიქსირებთ ყველა განცხადებას, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აკეთებენ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამით პესკოვმა უპასუხა კითხვას, ფლობს თუ არა კრემლი ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებში თურქეთის ჩართულობის შესახებ.

ამასთან, პეკოსვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიესალმება თურქეთის განცხადებებს აზერბაიჯანის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

„უდავოდ, ასეთ განცხადებებს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“, – აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ არ არის საჭირო „ცეცხლზე ნავთის დასხმა“.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა რეგიონულ ქვეყანას თავშეკავებისკენ. განსაკუთრებით კი კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებს მოვუწოდებთ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“, – განაცხადა პესკოვმა.

დატოვე კომენტარი