დიმიტრი პესკოვი - კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას
დიმიტრი პესკოვი - კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას

კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, „მსგავს ქმედებებსა და ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში“.

პესკოვის განცხადებით, მიზნებს არა თავად კიევი, არამედ ვაშინგტონი განსაზღვრავს, რის შემდეგაც ვაშინგტონი უკრაინელ სამხედროებს მიუთითებს თავდასხმის ობიექტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან დავალების შესრულებას მოითხოვს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კრემლზე თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ არ გამჟღავნებულა.

„ამის უარყოფის მცდელობები როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. კარგად ვიცით, რომ მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. შემდეგ კი უკვე კიევი აკეთებს იმას, რასაც მას ეუბნებიან. პრეზიდენტი ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიცხადეს შეფასებებში, ბრძანებებში, რომლებსაც გასცემს, ამიტომ ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა“ , – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ პასუხები შეიძლება, „ძალიან განსხვავებული“ იყოს.