დიმიტრი პესკოვი - გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის სავარაუდო სურვილზე რუსეთის ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი ეჭვი აბსურდულია
ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის სავარაუდო სურვილზე რუსეთის ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი ეჭვი აბსურდულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი. თუ გახსოვთ, დასაწყისიდანვე ბრალდებები თითქმის მთელი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გაისმა ოფიციალურ მონაწილეობაზე. თავიდანვე ვთქვით, რომ ამ საქმეში ნებისმიერი ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, რამზან კადიროვმა უარყო ბრალდება, რომ მისი შეკვეთით ქართველ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მოწყობა სურდათ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თავის „ტელეგრამის“ არხზე დაწერა: „თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ“.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.