დიმიტრი პესკოვი - ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გარშემო არსებული სიტუაცია სომხეთის და აზერბაიჯანის სუვერენული საქმეა
კრემლში აცხადებენ, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გარშემო სიტუაცია სომხეთის და აზერბაიჯანის სუვერენული საქმეა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებას უჭერს მხარს.
მანამდე ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვას ითვალისწინებს.
ამასთან, სომხეთის მთავრობა უარყოფს ესპანური მედიის ინფორმაციას აშშ-ისთვის სიუნიუქის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის 99 წლით გადაცემის შესახებ.
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ხელისუფლებასთან ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა გამართავს.
მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. გავრცელებული განცხადების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ალთაის რესპუბლიკაში ბუნებისა და გარემოს დაცვას ეძღვნება.