დიმიტრი პესკოვი - არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკების დროს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები უარყო
დიმიტრი პესკოვი - არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკების დროს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები უარყო

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკების დროს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები უარყო.

დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ, მოლაპარაკების ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბროს და იმედი აქვს, რომ ამერიკული მხარეც იმავეს გააკეთებს.

„გუშინ პირველად მოხდა მოსაზრებების პირდაპირი გაცვლა. რაღაც მიღებული იყო, რაღაც მიუღებლად მონიშნული. ეს არის ნორმალური სამუშაო პროცესი და კომპრომისის ძიება. არსებობს გაგება, რომ რაც უფრო მშვიდია ეს მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება. ამ პრინციპს დავიცავთ და ვიმედოვნებთ, ამერიკელი კოლეგებიც ამას გააკეთებენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებს შორის შეხვედრა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად თავდაპირველად ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ. როგორც მედიისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გეგმაში ცვლილებები შევიდა და ის 19 პუნქტამდე შემცირდა.