დიმიტრი პესკოვი - ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა
დიმიტრი პესკოვი - ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა ლიდერების სამსაათიან პირისპირ შეხვედრას „დეტალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა გლობალური საკითხები დაწვრილებით განიხილეს.

„მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი. ის საკითხები, რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა და კანცლერმა ჯერ კიდევ პირისპირ შეხვედრამდე ისაუბრეს, შეხვედრის დროს დეტალურად განიხილეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მათი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს შორის შეხვედრა 18 აგვისტოს, ბერლინთან ახლოს არსებულ მეზემბერგის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. სამსაათიანი მოლაპარაკებების დროს ლიდერებმა უკრაინის საკითხი, სირიაში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული შეთანხმება და პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ განიხილეს.