„სიენენი“ - დიმიტრი პესკოვმა „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის თემაზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარუმატებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა
„სიენენი“ - დიმიტრი პესკოვმა „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის თემაზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარუმატებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარუმატებლობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე.

„ამჟამად ინტერნეტში ბევრი ემოციური, ისტერიული, პროვოკაციული მასალაა. ცხადია, ეს ამაზრზენი ტრაგედია უამრავ ემოციას იწვევს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სამყარო გვიჩვენებს, რომ არცერთი ქალაქი ან ქვეყანა არ შეიძლება იყოს სრულად დაცული ტერორიზმის საფრთხისგან“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, დაზვერვის სამსახურები დაუღალავად მუშაობენ და უმკლავდებიან ყველა გამოწვევას, რაც ქვეყნის წინაშე დგას. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს „სრულფასოვან საერთაშორისო თანამშრომლობას“ და დასძინა, რომ ეს თანამშრომლობა არ ხორციელდება. პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა რუსეთმა რაიმე გაფრთხილება შეერთებული შტატებისგან მოსალოდნელი ტერაქტების რისკების შესახებ.

„ჩვენი სპეციალური სერვისები დამოუკიდებლად მოქმედებენ. ახლა რაიმე დახმარებაზე არ არის საუბარი. ამჟამად არ არსებობს კონტაქტი დასავლელებთან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.