დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შორის შეხვედრა არ შემდგარა
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, ჯონ რეტკლიფთან კონტაქტები ჰქონდათ.
მისივე თქმით, აღნიშნული კონტაქტების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას მიაწოდებენ.
კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პუტინსა და რეტკლიფს შორის შეხვედრა არ შემდგარა.
პესკოვმა არ დააკონკრეტა, უკავშირდებოდა თუ არა რეტკლიფის რუსულ სპეცსამსახურებთან კომუნიკაცია უკრაინის ან ირანის საკითხებს. მისი თქმით, ამ საკითხზე დამატებითს ვერაფერს იტყვის. მისივე განცხადებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, აღნიშნული კონტაქტები მოახდენს თუ არა გავლენას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების კრიზისიდან გამოსვლის პროცესზე. თუმცა პესკოვმა რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს „პოზიტიური მოვლენა“ და „პოზიტიური პროცესი“ უწოდა.
ამასთან, პესკოვი გამოეხმაურა უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებას, რომლის თქმითაც, კიევი კონფლიქტში „ნელ-ნელა მარცხდება“.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის ხელისუფლება შიდა პრობლემების გამო სტაბილურობას კარგავს.
„კიევის რეჟიმი შიგნიდან იშლება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში არსებული ვითარება ფრონტზეც აისახება.
„ის, რომ უკრაინა კონფლიქტში მარცხდება, ცალსახაა – ფრონტზე არსებული დინამიკა ამას ნათლად აჩვენებს“, – განაცხადა პესკოვმა.